logo
ENG



EU-ის წარმომადგენლობა: "უხამსობის ენა" დირექტივების ნაწილი არაა და რეგულირებას არ საჭიროებს

27 ოქტ 202309:26
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, კერძოდ "სიძულვილის ენაზე" სადავო ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "უხამსობის ენა" დირექტივების ნაწილი არ არის, შესაბამისად დირექტივების გამოყენებით რეგულირებას არ საჭიროებს.

წარმომადგენლობის თქმით, როგორც წესი, ევროკავშირის დირექტივები მათი შესრულების ზუსტ წესს არ კარნახობენ.

"საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებით ახლა, როცა ის გაფართოების გზაზეა, აუცილებელია მისი შესაბამისობა გარკვეულ დებულებებთან და  პრინციპებთან. არასრულწლოვანთა დაცვის რეგულირება და სიძულვილის გაღვივება არის აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივების მთავარი ელემენტები, რომელთა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველო. გარდა ამისა, კრეატიული ევროპის პროგრამაში მონაწილეობის გასაგრძელებლად საქართველოს სჭირდება შეესაბამებოდეს დირექტივების კონკრეტულ დებულებებს.

ევროკომისიაში კონსულტაციების შედეგად საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები ეხება ამ საკითხს. ჩვენ მოვისმინეთ სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან მრავალი ავტორიტეტული აქტორის შეშფოთება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ქართულ რეგულატორს. ევროკომისია გააგრძელებს მონიტორინგს ამ კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით მაუწყებლობასთან მიმართებაში და მზად იქნება მიაწოდოს რეკომენდაციები. რაც შეეხება "უხამსობის ენას", ის არაა დირექტივების ნაწილი და არაა მისი რეგულირების საჭიროება დირექტივების გამოყენებით", - განუცხადეს ფორმულას ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

***

პარლამენტმა "სიძულვილის ენაზე" სადავო ცვლილებები 19 ოქტომბერს, მესამე მოსმენით დაამტკიცა

უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის "სიძულვილის ენისა" და "უხამსობის" რეგულირების კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს აფართოვებს. 

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილა. 

განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 552-ე მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება კი, შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის არსებული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ცვლილების თანახმად, 552-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. 

კერძოდ, მედიასაშუალებებს, რომლებიც "დაარღვევენ მოთხოვნებს" და გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.

17 ოქტომბერს მედიის ადვოკატირების კოალიციამ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვთ.

  

 


close დახურვა